საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება, გაზრდილი თანხა სხვადასხვა მიმართულებას მოხმარდება, მათ შორის არის ხელფასების ზრდა, სოციალური პროექტები, ჯანდაცვა, განათლება და ეკონომიკა.
ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უმჯობესია თანხა პენსიონერების მხარდასაჭერად იქნას მიმართული.
"მოდით, ეს თანხა მივმართოთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების, პენსიონერების მხარდასაჭერად. ერთჯერადად გავუსტუმროთ მათ ვალები, რაც ნიშნავს, რომ 400 ათასამდე ადამიანს პენსია, ფაქტობრივი აღება გაეზრდება ყოველთვიურად საშუალოდ 80 ლარით." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის ეს განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.
"ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც პენსიონერებს 150%-იანი სესხი გაუხადეს. ღიმილიანი საქართველო რომ დაარქვეს და კბილები რომ დააძრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი... ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. უმრავლესობა ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის თანხა მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
"თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე, ის ბატონი მანჯგალაძე და ის ბატონი დანარჩენები, რომლებიც წლების წინ ქართული ოცნების პრემიერ მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვაო და ეს არ შეიძლებაო. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც უჩიოდით პრემიერ მინისტრს. ეს განცხადება რომ წმინდა წყლის პოპულიზმია, მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, იმიტომ რომ ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს, მათაც ეკუთვნით. ანუ, ამ ჯანდაცვით, რომელსაც ფულს ვუზრდით, სარგებლობენ პენსიონერებიც, ამ სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობენ პენსიონერებიც. თქვენ არ გესმით, ადამიანის სიცოცხლის ერთი დღე რამდენად ძვირფასია. შესაბამისად, ბიუჯეტს როგორ გადაანაწილებთ სწორად? სტიქიით დაზარალებულებს ფული არ მივცეთო, სკოლებს არ მივცეთო, სასწრაფო დახმარებას არ მივცეთო და რადგან მე მჭირდება არჩევნებისთვის, პენსიები გავუნულოთ ადამიანებსო. ეს არის თქვენი გზავნილი და პროგრამა. ამ პროგრამით გახვალთ არჩევნებზე და მიიღებთ ისევ იმ შედეგს, რაც მიიღეთ წინა არჩევნებში. ეს არის ორმაგი სტანდარტი.
საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა 38,4%-მდე. პანდემიის დროს 60,2% იყო. თქვენ თქვით, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ვალიო. ან „გუგლში“ მოძებნეთ, ან ქალბატონ გუგულის კითხეთ პროფესორია, მოგიძებნით და ინფორმაციას გამოგიგზავნით. ბევრი ქვეყანაა, მათ შორის განვითარებული სახელმწიფოები, ვისაც ჩვენზე მეტი საგარეო ვალი აქვს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.