15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავენ

სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავენ.

"საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურის გავლით, საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე, პროფესიული აზრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მესამე მოსმენით უკვე მიიღო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონი.

შემოთავაზებული ნორმა უხეშად ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში და საკონსტიტუციო დანაწესის იგნორირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას; კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება დაუსაბუთებლად, ნებისმიერ დროს შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკის გამო, დაგვაკისრონ მძიმე პასუხისმგებლობა, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმითაც.

ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინოს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ, ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს, კიდევ უფრო მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების პერსპექტივას, განსაკუთრებით დღეს, გადამწყვეტ, გზაგასაყარ მომენტში, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო.

წერილის ხელმომწერი სამოქალაქო აქტივისტები, გავაგრძელებთ მცდელობებს კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურების, მათი მობილიზების მიმართულებით.

პატივისცემით, სამოქალაქო მოძრაობები: "ტალღა", "ჯიუტი", "სტუდენტები", "ევროპული მომავლისთვის", "დაფიონი,"-აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

დღის ამბები