15 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ევროპულ სამიტზე საქართველომ პოზიტიური გზავნილები მიიღო - რა შედეგებით ბრუნდებიან პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაცია ესპანეთიდან

ევროპული სამიტიდან პრემიერი კანდიდატის სტატუსის მიღების თანხმობით ბრუნდება. სამიტზე, ორმხრივი შეხვედრებისა და პირადი კომუნიკაციის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელი ლიდერების დარწმუნება შეძლო, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის თქმა სტრატეგიული შეცდომა და ქართველი ხალის შეურაცხყოფა იქნება.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში - სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრის დროს. პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან, ვენეციის კომისიასთან და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

სამიტის ფარგლებში პრემიერს პირადი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირთან. პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და უნგრეთის პრემიერს. კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე საქართველოს უნგრეთის და ხორვატიის გარანტირებული მხარდაჭერა აქვს. ვიქტორ ორბანი ქართველ ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საქართველოსთვის ნათქვამი უარი ევროპის მხრიდან უსამართლობა იყო.

სამიტის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. სლოვენიელ კოლეგასთან მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით ქვეყანა სტატუსს იმსახურებს. ბერძენ კოლეგას კი, ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველო სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. კიდევ ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომლისგანაც საქართველო მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის მოლოდინშია, ფინეთია. ფინეთის პრემიერ-მინისტრს მთავრობის მეთაურმა განუმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მომდევნო ეტაპზე გადავიდეს. ბულგარელ კოლეგასთან ხაზი გაესვა ქართველი ხალხის არჩევანს და იმას, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა ევროინტეგრაციაზეა ორიენტირებული. ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან.

ევროკავშირის შესაძლო გაფართოების კონტექსტში, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ, როგორც კანდიდატი ქვეყნების ასევე თავად ევროკავშირის მხრიდან მზაობის აუცილებლობაზე.

ევროკავშირის გაფართოების გარდა, ევროპელი ლიდერების განხილვის თემა უსაფრთხოება და გეოსტრატეგიული საკითხებიც იყო. სწორედ ასეთ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში, სახელმწიფოების პირველმა პირებმა რეგიონულ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

პირისპირი და სამიტის ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპელ ლიდერებს ესპანეთის მეფემ და დედოფალმა უმასპინძლეს. კიდევ ერთი კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის, ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში სტუმრობის დროს შედგა. სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრების შედეგები, პრემიერ-მინისტრმა დღის ბოლოს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ევროპელ ლიდერებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა და ყველა მათგანზე აღინიშნა 12 პრიორიტეტთან მიმართებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

დღის ამბები