15 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა" იმდენად არ ენდობა თავის თავს, რომ დარბაზში არ შემოდის" - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. ვიდრე საკითხი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, ოპოზიციის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულმა წევრებმა, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი დაუჭიროს.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" გარიგებაზე საუბრობს გიორგი გახარიას გუნდი და ირწმუნება, რომ ხაბეიშვილის პარტია იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს. საპასუხო ბრალდებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", სადაც აცხადებენ,  რომ სწორედ პარტია "საქართველოდან" აპირებენ კონკრეტული დეპუტატები საკითხის მხარდაჭერას. მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილია "ნაციონალურ მოძრაობას" არ ენდობა და აცხადებს, რომ თუ სადმე შეიძლება იყოს ვაჭრობის საკითხი, სწორედ, ნაციონალურ მოძრაობასა და მმართველ გუნდ შორის შედგება იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით გარიგება.

"დარბაზში შევალთ თუ არ შევალთ არცერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად არ ენდობა თავის თავს, რომ დარბაზში არ შემოდის. ძალიან პრინციპული კენჭისყრა როდესაც იყო პარლამენტში - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი "ქართულმა ოცნების" კანდიდატებს.", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით პარტია "რესპუბლიკელების" ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს არცერთი ოპოზიციონერი არ დაუჭერს მხარს.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვფიქრობ, რომ გადმოვა ეს პროცესი პარლამენტში. ვერ ვხედავ რომ ასი ხმის შესაძლებლობა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას". არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ თამაშში აყვეს "ქართულ ოცნებას". უკეთესი იქნებოდა ოპოზიცია სრული შემადგენლობით ვიყოთ დარბაზში და ტაბლოზე გამოჩნდეს ყველა ოპოზიციონერის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმა, თუმცა თუ ოპოზიციაში იქნება დისკუსია, რომ არ დავესწროთ ამ სხდომას, მზად ვარ ამ დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები