პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. ვიდრე საკითხი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, ოპოზიციის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულმა წევრებმა, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი დაუჭიროს.
"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" გარიგებაზე საუბრობს გიორგი გახარიას გუნდი და ირწმუნება, რომ ხაბეიშვილის პარტია იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს. საპასუხო ბრალდებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". აცხადებენ , რომ სწორედ პარტია "საქართველოდან" აპირებენ კონკრეტული დეპუტატები საკითხის მხარდაჭერას. მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მხარეს იყო არგუმენტები, ხოლო პრეზიდენტის დაცვის მხარეს არ იყო არანაირი ლოგიკა.
"არგუმენტი რომ არ ჰქონდათ წარდგინებაში რაზეც იყო საუბარი, დაიწყეს იმ საკითხებით სპეკულირება, თითქოს საკითხი შეეხებოდა ტელეფონით დარეკვას, გამარჯობის თქმას და ასეთ აბსურდამდე მივიდნენ. ჩვენ მხარეს იყო არგუმენტები, კონსტიტუციური ლოგიკა და მათ მხარეს არ იყო არავითარი ლოგიკა და მსჯელობა არგუმენტებით გამყარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას ქვეყნის ძირითადი კანონი, ქვეყნის ძირითადი კანონით განპირობებული პრინციპები და კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა დადგენილი, სხვა გადაწყვეტილების მისაღებად არავითარ სამართლებრივ სივრცეს არ ტოვებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით ოპოზიციის გადასაწყვეტია მხარს დაუჭერს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, თუმცა ამ გზით გამოჩნდება რამდენად სცემენ ისინი პატივს კონსტიტუციურ დებულებებს.
"კონსტიტუციის დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ნებისმიერი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. მხარს დაუჭერენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები ეს ცხადია მათი გადასაწყვეტია, უბრალოდ მათ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება რამდენად პატივს სცემენ ისინი კონსტიტუციურ ნორმებსა და დებულებებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა