პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა, ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ, მშვიდობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს და დასავლელ პარტნიორებს მიმართავს.
შალვა პაპუაშვილი, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თუ საქართველოს არ გადმოეცემა, ამ შემთხვევაში პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა. პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს "ბიბისის" გამოძიებაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ მიუხედავად ამ დანაშაულებისა კეზერაშვილი ისევ თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოს აქვს სასამართლო, რომლის წევრებიც ცივილიზებული სამყაროს მიერ სანქცირებულნი არიან, შესაბამისად მათი ნდობა არ შეიძლება.
"ყველა ბრალდება უნდა დადასტურდეს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ჰყავს სასამართლო, რომლის მთავარი წევრები არიან სანქცირებულნი ცივილიზებული სამყაროს მიერ, ამიტომ ასეთი სასამართლოს ნდობა შეუძლებელია. ისრების სხვა მიმართულებით გადახრა ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ აირიდონ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ, მმართველი გუნდის მოთხოვნა კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით არაგულწრფელია.
"როდესაც ქართული ოცნება კეზერაშვილის დაპატიმრებას და გადმოცემას ითხოვს, ეს ყოველთვის მგონია ცალყბად ნათქვამი ერთი ხელით რომ ითხოვ რაღაცას და მეორე ხელით არ ქნაო რომ ეუბნები", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.