თანამოაზრეებთან კონსულტაციების სახელით გამართული შეკრება, მელიამ იმის სადემონსტრაციოდაც გამოიყენა, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა - ის მარტო არ არის. ამბობს, რომ პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე დღეს თბილისის შეკრებაზე იყო წარმოდგენილი.
წასვლა ისევ ბოლო ვარიანტად რჩება. ორად გაყოფილი პარტიის გაერთიანების შანსს და კრიზისის დაძლევის გზას, მელიას გუნდი მხოლოდ ცვლილებებში ხედავს. ამბობენ, რომ თავმჯდომარე ვერც ფუნქციებს ასრულებს და ვერც მთავარ მიზანს.
მელიას ღონისძიებას, მიხეილ სააკაშვილის პოზიციების ოფიციალური გამხმოვანებელიც ესწრებოდა - სოფო ჯაფარიძე, რომელმაც შეხვედრა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა უფრო მეტი კითხვა ადგილზე ხატია დეკანოიძის გამოჩენამ გამოიწვია. აპირებს თუ არა პარტიის დატოვების შემთხვევაში მელია მასთან ერთად ახალი პლატფორმის შექმნას -ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, პარტიიდან წასული ფრაქციის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობაში" მელიას ადგილს უკვე დიდი ხანია ვეღარ ხედავს.
მელიას დღეს არც ხაბეიშვილი და არც მოქმედი მენეჯმენტი გამოხმაურებია. თუმცა, თბილისის შეკრების პარალელურად ჩანიშნული აქციის გაუქმება იყო. მიზეზად ისევ ამინდის პროგნოზი დასახელდა.
გაყოფილის პარტიის გაერთიანება საფუძვლიანი ურთიერთბრალდებების შემდეგ, მმართველ გუნდს წარმოუდგენლად მიაჩნია. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მელია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას კონკრეტული მიზეზების გამო არ ჩქარობს.
ნიკა მელია ჯერ კიდევ იმ პარტიაში რჩება, რომლის თავმჯდომარეობაც ვადაზე ადრე შეაწყვეტინეს. სხვა პარტიასთან გაერთიანება მის გეგმებში არ შედის, თუმცა ახალი პლატფორმის შექმნა დაანონსებული აქვს.