საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დაძლევისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილმა ვრცელი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ყურადღებას ყოფილ თავდაცვის მინისტრზე ამახვილებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი კიდევ ერთხელ ითხოვს კეზერაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემას და მიიჩნევს, რომ პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა, აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისსა და საბოლოოდ მშვიდობას.
კეზერაშვილის ამჟამინდელი პოლიტიკური პარტნიორები, ლევან ხაბეიშვილის გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილებზე კომენტარისგან თავს იკავებს. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ "ნაციონალურ მოძრაობაში" ირიცხებიან, თუმცა კეზერაშვილთან ვეღარ თანამშრომლობენ, ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება პარტნიორების მორიგ კრიტიკაა და სახელისუფლებო ძალა ისრების გადატანას ცდილობს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, თუმცა სამართლებრივ რეაგირების შესაძლებლობას ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში ხედავს.
პარტნიორებისგან სამართლებრივ ნაბიჯების გადადგმას ითხოვს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავება, დასავლეთს სათანადო რეაგირება არ აქვს
ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, ქართულ მართლმსაჯულებას განაჩენი წლების წინ აქვს გამოტანილი. დავით კეზერაშვილს სასამართლომ ხუთი მილიონი ევროს მითვისებისთვის ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამნისტიის შედეგად კი სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობაზე კითხვები არსებობს დასავლეთშიც. ბოლო სკანდალი, რომელშიც კეზერაშვილი აღმოჩნდა BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება. ევროპელი პენსიონერების კუთვნილი თანხების არაკანონიერი გზით მიღების სქემაში, კეზერაშვილი ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა.