აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა.
პრესკონფერენციაზე გაჟღერებული გზავნილების შემდეგ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცება და რეგიონული უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებაზე. როგორც ცნობილია, ჩვენ ამ მიმართულებით პარტნიორები ვართ. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ხოლო მეორე გახლავთ შუა დერეფნის განვითარების საკითხი. რომელიც გლობალურია და ჩვენი რეგიონის მასშტაბებს სცილდება.
ამასთან, ცალსახად იყო გამოხატული, ხაზგასმით, პატივისცემა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც არის მთავარი საკითხია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში.
საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, რაც ჩვენი, ყველას საერთო ამოცანა და მიზანია. ჩვენ მოვისმინეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ბატონმა ალიევმა, კიდევ ერთხელ, ცალსახად ხაზი გაუსვა საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. თბილისი არის ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები შესაძლებელია, რომ განვითარდეს. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ მზად ვართ, ჩვენი კონკრეტული წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.