პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას, რომელიც თანამდებობის პირების არჩევისა თუ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას გულისხმობს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უკავშირებს და კვლავ "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის არსებულ პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბრობს.
ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" საკუთარ დეპუტატებს არ ენდობა.
"რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან არის დაკავშირებული. "ოცნებასა" და "ნაცებს" შორის მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტია სწორედ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ აპირებენ რეგლამენტის ცვლილებას. აქ მთავარი ამბავი რა არის - როგორც ჩანს, "ოცნება" თავის დეპუტატებსაც არ ენდობა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მეორე მხარე, "ნაცები" ამბობდნენ, რომ არ შევიდოდნენ დარბაზში იმიტომ, რომ ასევე თავის დეპუტატებს არ ენდობიან, თუ რა იქნება მათი გადაწყვეტილება,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინება. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.
ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.