15 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა ვართ წინააღმდეგი იმ მანკიერებისა, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჭრიან და კერავენ კანონებს - დავით კირკიტაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე რეგლამენტში ცვლილებების არსით, რის შედეგადაც თანამდებობის პირების არჩევა-გადაყენების საკითხი ღია კენჭისყრით მოხდება, უკმაყოფილო არ არის, თუმცა ამბობს, რომ მმართველი გუნდი კანონებს საკუთარ ინტერესებს არგებს. მისი შეფასებით, ცვლილებები უკავშირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რათა "ქართული ოცნების" შიგნით დეპუტატებს ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდეთ.

"რომ არ ჰქონდეს კიდევ ცდუნება ვინმეს, "ქართული ოცნების" შიგნით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამ მართლაც მავნებლურ პროცესს, მხარი არ დაუჭიროს, ამისთვის აპირებენ რეგლამენტში ცვლილების შეტანას. ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ აბსოლუტურად ყველა კენჭისყრა იყოს ღია. საჯაროობის პროცესის მომხრე ვართ, თუმცა ვართ წინააღმდეგი იმ მანკიერებისა, რასაც "ქართული ოცნება" ამკვიდრებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ჭრიან და კერავენ კანონებს,"- აცხადებს დავით კირკიტაზე.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინება. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები