15 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რეგლამენტის ცვლილება მხოლოდ მას მერე შევა ძალაში, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გადაწყდება

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებას სპეკულაციას უწოდებს. მისივე განცხადებით, განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, რეგლამენტის ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იქნება.

"სპეკულაციებია ამ ფარულ კენჭისყრებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუდმივად აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ რატომ არის ფარული, შეიძლება იყოს ზეწოლა და ა.შ. თუ ჩვენ მომხრე ვართ ღია პოლიტიკის, მგონი, რომ აქ კითხვის ნიშანი არავის არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს - თქვენ იცით, რომ განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, რომელსაც ვერავინ გადავა, შესაბამისად, დაახლოებით, სამ კვირამდეა ჯამში დარჩენილი. თუ გადავთვლით ამ ვადებს, ვნახავთ რომ ფარული კენჭისყრები ძალაში შევა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სამივე მოსმენით ცალ-ცალკე იქნება განხილული,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინება. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები