15 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა

ოპოზიციონერი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. დეპუტატებმა რეზოლუციის შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადეს. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს, რომლის კიდევე ერთი გამოხატულებაა აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება ისევე, როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო კავშირში ინტეგრაციის მცდელობა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისთვის, არამედ მშვიდობისთვის საქართველოში. ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტით, რომელიც შეეხება აღნიშნულ საკითხებს,"- აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიკავონ მტკიცე, ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.

"რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს თავისი უკანონო სამხედრო და უსაფრთხოების ძალები უკანონოდ ოკუპირებული რეგიონებიდან, უკან წაიღოს აღიარება ისევე, როგორც მოუწოდებს რეზოლუცია საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე,"- აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები