15 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის ხედვა წარადგინა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის ხედვა წარადგინა.

როგორც კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, დღეს მართლმსაჯულების სისტემა ძირეული გამოწვევების წინაშეა და ის რეფორმები, რომელიც სახელმწიფომ ამ დრომდე გაატარა, არ არის საკმარისი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს.

"წლების განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა რეფორმის სხვადასხვა ტალღა, მაგრამ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის ისევ ძირეული გამოწვევების წინაშე. ის ფრაგმენტული რეფორმები, რომლებიც სახელმწიფომ ამ დრომდე გაატარა არ არის საკმარისი და ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც მართლმსაჯულებაში გვხვდება, განსაკუთრებით ეს ეხება კლანურ მმართველობას. შევუმუშავეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის გატარებაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში გაჯანსაღდეს პროცესები", - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ.

არასამთავრობოების განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს.

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სასამართლო ევროკავშირისა და NATO-ს ზოგიერთ წევრ სახელმწიფოებზე უკეთესი მართლმსაჯულება აქვს.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე იქნება მაშინ, როცა ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, თუნდაც, ვიმსჯელოთ იმაზე რომელიმე კონკრეტული მოსამართლე, ან კონკრეტული პერსონალია სასამართლო ხელისუფლებაში კარგი თუ ცუდი. ეს ჩვენი შესაფასებელი არ არის და ასეთია პათოსი, რომელსაც გვთავაზობს კონსტიტუცია. არა ერთ ევროკავშირზე და NATO-ს წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ჩვენს ქვეყანას სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები