"დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს. ჩვენ შევთავაზეთ, პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც მიღებული იქნა ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპტიმისტური გათვლები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წელს შეძლებდა ამომრჩევლების ელექტრონული ტექნოლოგიებით ვერიფიკაციის გატარებას გამართლდა, რადგან ბევრი საპილოტო პროექტი, რომელიც ცესკომ ჩაატარა წარმატებული იყო.
"90 პროცენტი ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა თემა, რაც გაგიგონიათ არჩევნებთან დაკავშირებით – ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე კითხვები, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელური დათვლის, გვახსოვს მთელი ეს პერიპეტიები და ა.შ. – ყველაფერ ამაზე ტექნოლოგიურად იქნება პასუხი გაცემული, ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩება. ბიულეტენები, ბათილობა, ოქმები, ბალანსი და ა.შ. გამოჩნდა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმის მცდელობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და აღნიშნა, რომ ისინი მონაწილეობას საარჩევნო პროცესში შეფერხების გარეშე შეძლებენ.
"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან, როგორც აქამდე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მიიღებენ, აქ არაფერი იცვლება, პირიქით, ელექტრონული ტექნოლოგიები ელექტრონული მთვლელების მეშვეობით იქნება. შესაბამისად, თუ საჭიროება იქნება, არ ვიცი, უბნები რამხელა არის, იმისდა მიხედვით იქნება გამოყენებული ელექტრონული მთვლელები. ამავე დროს, თუ საუბრობთ დისტანციურად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე, ეს ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და დიდი რისკის შემცველი ტექნოლოგიაა. სულ ახლახან იყო დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, დისტანციურად უნდოდათ პარტიული არჩევნების ჩატარება და გააუქმეს იმის გამო, რომ რუსეთის ჩარევის დიდი რისკი იყო. სხვა ქვეყნებშიც იყო ამის პრეცედენტი, მათ შორის, გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რომ სავალდებულოდ არ დაწესებულიყო. არის რისკი, რომ მოხდეს ჩარევა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინტერესები საქართველოს არჩევნების მიმართ გარედან და, რა თქმა უნდა, ეს ამ რისკებთანაა დაკავშირებული. სხვა მხრივ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, თანაბრად ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.