ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო მიესალმება ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ არის გათვალისწინებული.
მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვა, უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვა. მოსამართლეთა მივლინებასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა.
რაც შეეხება მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას, კომისია მიესალმება ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია.
მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ საქართველო მართლმსაჯულების კუთხით მოწინავე პოზიციაზეა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების კუთხით მოწინავე პოზიციაზეა.
"არცერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ სასამართლოში არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური მიკერძოება, მსგავსი მოსაზრება არსად წერია და არავის უთქვამს. მეტსაც გეტყვით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის რეიტინგებში მოწინავე პოზიციაზე, მმართველმა პარტიამ შექმნა სამუშაო ჯგუფი და ამ ჯგუფში არ შემოდის რადიკალური ოპოზიცია და ესენი ე.წ. ინკლუზიური პროცესის განხორციელებას არ აპირებენ," - აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობა გაუმჯობესებულია.
"მე ვფიქრობ, რომ არცთუ უმნიშვნელო ნაწილებია, სადაც პოზიცია ერთნაირია და შესრულებულია რეკომენდაციები და არის გაუმჯობესებული ქართული კანონმდებლობა ეს უნდა ახარებდეს ყველა ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს.
ერთადერთი რა კითხვებიც აქვთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს არის ის, რომ უნდა გაკეთდეს თუ არა რამე დამატებითი რეფორმა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია თითოეული საკვანძო და კითხვის ნიშნიანი საკითხი დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ კიდევ ერთხელ,"- აცხადებს სარჯველაძე.