ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დახურულ კარს მიღმა შეიკრიბა.
ევროდეპუტატებს მოწვეული ჰყავდათ ისრაელის ელჩი ევროკავშირში, ევროკომისიის და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, დეტალებზე დეპუტატები არ საუბრობენ, კონკრეტულად რა მიმართულებით ისაუბრეს შეხვედრაზე, თუმცა გარკვეულ განცხადებებს ჟურნალისტებთან აკეთებენ.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ფაქტია, რომ ირანი პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთში ბევრ არეულობაზე.
"შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი იმას, რომ ყველა საერთაშორისო და ჰუმანიტარული ნორმის მიხედვით ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება. შეხვედრა დახურული იყო და დეტალებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კოლეგებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა, რას ნიშნავს ეს ტერორისტული აქტი ევროკავშირისთვის, როგორ აისახება ეს ჩვენს ურთიერთობებზე მესამე ქვეყნებთან, მათთან, ვინც მხარს უჭერს ჰამასსის ტერორისტულ ქმედებას, რას ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან ფინანსური პროგრამები პალესტინის ოფიციალური მხარისთვის და კიდევ სხვა საკითხები. ისრაელმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ჰამასსის გასანადგურებლად. მომავალ დღეებსა და კვირებში გამოჩნდება რას ნიშნავს ისრაელის სამხედრო ოპერაცია. ვინ დგას ამის უკან? ვერ დავიწყებ ამაზე სპეკულირებას, მაგრამ ნათელია რომ, ზოგიერთი მესამე ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ჰამასს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ირანი. ირანი არის პასუხისმგებელი ახლო აღმოსავლეთში ბევრ არეულობაზე, ეს ფაქტია", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, არ გაუკვირდება თუ გამოჩნდება ფაქტები იმისა რომ, კრემლი პირდაპირ იყო ჩარეული "ჰამასის" ქმედებებში.
"ჰამასის" ქმედებები უნდა იყოს შეფასებული ისევე, როგორც "დაეშის", ამიტომაც ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ერთიანი, რომ "ჰამასი" უნდა განადგურდეს, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მოუტანს უსაფრთხოებას არა მარტო ისრაელის მოსახლეობას, არამედ გარკვეულ წილად გაათავისუფლებს პალესტინელებსაც. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან პალესტინის ოფიციალური ხელისუფლების დაფინანსებას მშვიდობიანი მიზნებით, ჩემი აზრით ახლა ეს დაფინანსება უნდა შეჩერდეს და მოხდეს გადაფასება რას ნიშნავს მათი დაფინანსება, რადგან ისინი გარკვეულწილად მხარს უჭერენ "ჰამასს", არ მინახავს პალესტინის ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება ან პროტესტი ან გაკრიტიკება იმისა, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა. რაც შეეხება კრემლის როლს ამ კონფლიქტში, ფაქტია რომ, კრემლი ძალიან გახარებულია რადგან დასავლეთის ყურადღება ახლა კონცენტრირებულია ისრაელზე, არ გამიკვირდება თუ გამოჩნდება ფაქტები იმისა რომ, კრემლი პირდაპირ იყო ჩარეული ამ ქმედებებში", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან სვენ მიქსერის განცხადებით, ფაქტია, რომ ეს კრიზისული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, კრემლისთვის ხელსაყრელია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უკრაინისგან უფრო ცხელ წერტილზე გადადის.
"ყველა, ევროპარლამენტში და მთელს ევროკავშირში უმკაცრესად გმობს ჰამასის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს ისრაელის წინააღმდეგ. როგორც ვიცით ისრაელის სპეციალური სამსახურები ახლა ატარებენ მოკვლევას იყო თუ არა გარე ჩარევა ამ ტერორისტული აქტის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში. ჩვენ ვიცით ირანის პოზიცია ისრაელთან და არაბულ სამყაროსთან დაკავშირებით, ასევე ფაქტია, რომ ეს კრიზისული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, კრემლისთვის არის ხელსაყრელი, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ასე თუ ისე, გადადის უკრაინისგან უფრო ცხელ წერტილზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები ამ გარე ჩარევის", - განაცხადა სვენ მიქსერმა.