საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებით ეფექტური შედეგი აჩვენა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 64%-ი აიღო და რეიტინგში 29-ე, ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და "ნატოს" წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 3 ქვეყანას. ეს ქვეყნებია: კანადა, საფრანგეთი, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია, სლოვენია, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი. კანონის უზენაესობა რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა. სასამართლოს დამოუკიდებლობა. კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან ბიზნესის დაცულობა. საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა. საკუთრების უფლება. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ლიდერია.
პოზიტიური მაჩვენებელი აქვს საქართველოს „რეგულაციების ხარისხის" რეიტინგშიც, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 68%-ი აიღო და ეკონომიკებს შორის მე-7, სახელმწიფოებს შორის კი მე-9 ადგილზე გავიდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო - ფინეთი და ლუქსემბურგი.
მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს ლიდერ პოზიციებს ეჭვქვეშ არც ხელისუფლების ოპონენტები აყენებენ,თუმცა ამბობენ, რომ მონაცემები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უნდა აისახოს. მმართველ პარტიაში კი, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მორიგ აღიარებასა და პოლიტიკურ/ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების ანგარიში, მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა.