"ვენეციის კომისიამ 2017-18 წლებში უაღრესად დადებითად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის მოდელი და ის მოწყობა, რაც დღეს გვაქვს და ახლა, უკვე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადახედვაზე. ეს არის ბუნდოვანი, გაურკვეველი და ახლა ბუნდოვანებაში რაიმე კონკრეტულს ვერ ვიპოვით" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რას შეიძლება გულისხმობდეს ის რეკომენდაცია, რომელსაც არ ახლავს არანაირი კონკრეტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, ოხანაშვილმა აღნიშნა, "ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სამართლებრივი, განჭვრეტადი და საუკეთესო ევროპულ მოდელზე დაფუძნებული მიდგომა ვერ მოვისმინეთ."
"როდესაც გვქონდა დისკუსია და ონლაინ ჩართვა ვენეციის კომისიასთან, პირადად დავსვი საკითხი, რით შეიძლება იყოს ახსნილი საკითხის კვლავ აქტუალიზაცია, რომ საჭიროა თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. ეს იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ ამავე ვენეციის კომისიას, 2017-2018 წლებში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც გადაიხედა მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის საკითხი და ახლებურად მოწესრიგდა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უაღრესად დადებითი ცვლილებებია. აი ეს პოზიტიური და უაღრესად დადებითი შეფასება რომ ახლა შევცვალოთ და იმავე ვენეციის კომისიის დღევანდელი შეფასებით ეს საკითხი საჭიროებდეს გადახედვას-ეს რით აიხსნება. ამასთან დაკავშირებით მე და ასევე, ჩემმა კოლეგებმაც, რაიმე კონკრეტული სამართლებრივი, განჭვრეტადი და საუკეთესო ევროპულ მოდელზე დაფუძნებული მიდგომა ვერ მოვისმინეთ, რომ დავუშვათ აი ამ ქვეყანაში, ამ ფორმით არის წარმოდგენილი, თქვენ თუ გსურთ ევროკავშირის წევრობა და გსურთ, ჩაგითვალონ ეს პუნქტი შესრულებულად, აი ამ ქვეყანაში არსებობს ეს მოდელი და მოდით ამ მოდელზე გააკეთეთ სწორება. ასეთი შემოთავაზებაც არ ყოფილა და ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.