ბუდაპეშტისა და თბილისის სტრატეგიული ურთიერთობა ახალ დონეზე გადადის, ვიქტორ ორბანი სპეციალური ვიზიტით საქართველოში მწვანე ენერგეტიკაზე, კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და სხვა ლოჯისტიკურ პროექტებზე სასაუბროდ ჩამოვიდა.
უნგრეთი ევროპაში არსებული ენერგოუსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, დაინტერესებულია მაქსიმალურად გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რაც ორივე ქვეყანას დამატებით შემოსავალს და უცხოურ ინვესტიციებს მოუტანს. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა დიდი დრო ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებასაც დაუთმეს, თუმცა მთავარ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ სტუმარს, რომელიც მასპინძელს მეგობარს ეძახის, დეტალურად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გაატარა. მხარეებმა საუბრის დროს ისიც აღნიშნეს, რომ საქართველო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბუდაპეშტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ოფიციალურის გარდა ორი ქვეყნის პრემიერს შორის იყო არაფორმალური სადილიც, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ სტუმარს მეუღლესთან ერთად სადილზე უმასპინძლა.
გარდა პირისპირ შეხვედრისა, დაგეგმილია უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სხდომა.