სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი მნიშვნელოვნად აწესრიგებს სისტემას და დადებით ცვლილებებს შეუწყობს ხელს. მათ შორის აღინიშნა, რომ წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში მიიღებიან და აღარ მოუწევთ სხვა უწყებების დაქვემდებარებაში საგუშაგო პოსტებზე დგომა.
დავით თევზაძე რელიგიური კონფესიებისთვის არსებული გამონაკლისის საკითხსაც შეეხო.
"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა "საქართველოს თავდაცვის კოდექსს", ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა.
ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი.
სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირერიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემების გააზრებისას "თავდაცვის კოდექსში" ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისათვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.
და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი იმ მოცემულობას არ ესატყვისება, რომელიც კონსტიტუციითაა დადგენილი, რის გამოც, გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას," - განაცხადა თევზაძემ," - განაცხადა თევზაძემ.