15 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში - მმართველი გუნდის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობაში დიდ როლს სწორედ დიპლომატიური მისია ასრულებს და რობინ დანიგენის საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება

დეგნანი დანიგენმა უკვე ოფიციალურად ჩაანაცვლა. ამერიკის ახალი ელჩი საქართველოშია - ფოტომასალას აეროპორტიდან ამერიკის საელჩო ავრცელებს. რობინ დანიგენმა დიპლომატიური საქმიანობა საქართველოს პირველ დიპლომატთან შეხვედრით დაიწყო. ახლად დანიშნულმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლებიც გადასცა. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად, გაძლიერდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ახალი ელჩი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა. სალომე ზურაბიშვილს, რობინ დანიგენმა, ამ შემთხვევაშიც, რწმუნებათა სიგელი გადასცა.

ახალი ელჩისგან პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მოლოდინი აქვთ ოპოზიციის ნაწილსაც. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ რობინ დანიგენის საქმიანობა საქართველოში წარმატებული იქნება.

ამერიკის ახალი ელჩი რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში უდიდეს როლს შეასრულებს, ხელისუფლების ოპონენტები ამაზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა, იქვე წინასწარ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რობინ დანიგენიც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ისეთივე კრიტიკის ობიექტი გახდება, როგორიც კელი დეგნანი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, ამაში კი, მათი თქმით, დიდ როლს სწორედ დიპლომატიური მისია ასრულებს. ამიტომ, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლას და მის სამომავლო საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რობინ დანიგენმა ელჩის თანამდებობაზე საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2023 წლის იანვრამდე იკავებდა. დანიგენი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა.

დღის ამბები