"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "რადიკალური ოპოზიცია" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან მათ ის სჭირდებათ, როგორც პარტნიორი არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მისივე შეფასებით, სწორედ ოპოზიციის იმედად დაარღვია საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია.
"დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი. ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს რაღაც კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის რამდენი დღე აქვს დარჩენილი, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული, უნდათ თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე, სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც. ისინი ემზადებიან, მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს. ელოდებიან არჩევნების შემდგომი პერიოდს, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. და სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მათი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.