15 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში, ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მარია გაბრიელს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სოფიას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

დარჩიაშვილი მინისტრს შეხვედრისთვის მადლობას უხდის.

"ძვირფასო მინისტრო, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის . უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

გასულ წელს, ევროპულმა საბჭომ და ევროპის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას და რეალობად აქცია საქართველოს მრავალი თაობის ოცნება.

ისტორიული გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება.

ეს გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ეს არის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დაუმკვიდრებს საქართველოს ადგილს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში,"- აცხადებს დარჩიაშვილი.

 

დღის ამბები