15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თანამშრომლობის დეკლარაცია, ურთიერთგაგების მემორანდუმი - ვიქტორ ორბანის საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები

უპირობო მხარდაჭერა საქართველოს უნგრეთისგან ევროინტეგრაციის გზაზე, თანამშრომლობის დეკლარაცია, ურთიერთგაგების მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის – ვიქტორ ორბანმა საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები ევროპას, კახეთიდან გაუგზავნა. დელეგაციის გამგზავრებამდე კი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება ერთ-ერთია იმ 4 საყრდენიდან, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ეფუძნება. ეს მრავალმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის სამომავლოდაც გაგრძელდება – გადაწყვეტილება პარტნიორი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა, სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს და ეს, მემორანდუმებზე ხელმოწერებით დაადასტურეს. ცერემონია, უნგრეთისა და საქართველოს დელეგაციას შორის თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში შედგა.

სწორედ ერეკლე მეორეს ეზოდან გაჟღერდა ორი ქვეყნის ლიდერის მხრიდან მთავარი გზავნილი - რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯებით, კანდიდატის სტატუსს, სამართლიანად, იმსახურებს.

მტკიცე მხარდაჭერის დასტური, საქართველოს უნგრეთიდან უკვე აქვს, ახლა მთავარი ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს. მეგობარი ქვეყნის მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიღება, ევროკავშირისთვისაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოება, სწორედ ამ პროცესებზეა დამოკიდებული.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები არაფორმალურ გარემოშიც იყო. პრემიერ-მინისტრმა, უნგრელ კოლეგას კახეთში მასპინძლობის სიმბოლური მიზეზიც აუხსნა,რადგან ერეკლე მეორის სასახლეში მიღების გამართვა, შემთხვევითი არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერს, საქართველოს ისტორიის ის პერიოდი გააცნო, როდესაც ერეკლე მეფე ევროპელ მონარქებს ევროპასთან დაახლოებას სთხოვდა.

წინანდალში იყო კულინარიული მასტერკლასი მეუღლეებთან ერთად, საწნახელი და ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიების გაცნობა. წინანდალშივე გაიმართა ოფიციალური სადილი.

სტუმრებს, მთავრობის მეთაურმა, მეუღლესთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრებს, მონასტრის მიტროპოლიტმა არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი ექსპონატები აჩვენა და მე-11 საუკუნის მარანში, უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო დააგემოვნებინა.

პრემიერ-მინისტრების მეუღლეები, ბოდბეშიც იმყოფებოდნენ. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია თეოდორამ უმასპინძლეს. სტუმრებს საჩუქრად აზარფეშა, უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თბილისს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, 10 ოქტომბერს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად გააცილა.

დღის ამბები