3 ოქტომბერს დაწყებული სამდღიანი განხილვა, ლოგიკურ დასასრულამდე ორშაბათს მივა. 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას - დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ორშაბათსვე გაირკვევა, დაიწყება თუ არა იმპიჩმენტის პროცესი უკვე პარლამენტში. საკონსტიტუციო წარდგინების ერთ-ერთი ავტორი, გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი მარტივად დადასტურდება. მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მთავრობასთან შეუთანხმებელი ნაბიჯები სხვა შეფასებისთვის სივრცეს არ ტოვებს.
ოპოზიციისთვის პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციასთან თავსებადია, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ სასამართლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთავარი კანონის დამრღვევად გამოაცხადებს. იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა შედგება, თუმცა ვერ შედგება თავად იმპიჩმენტი. ხელისუფლების ოპონენტები საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ.
სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი რომ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, კონსტიტუციის დასაცავად დაიწყო, ამას ამტკიცებდა დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა. მათი განმარტებით, პრეზიდენტის ქმედებებით ფაქტი ზედაპირზეა და ამას ხელისუფლების რეაგირება სჭირდებოდა. "ქართული ოცნების" მოლოდინია, რომ სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს, თუმცა არ ელოდებიან იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების შეგროვებას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკითხის მხარდაჭერისთვის ოპონენტების მობილიზება მათ ინტერესში არ შედის.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაასკვნის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესი ბათუმიდან უკვე თბილისში გადაინაცვლებს. პარლამენტს იმპიჩმენტის განსახილველად 2 კვირის ვადა აქვს, პრეზიდენტის გადასაყენებლად კი 100 დეპუტატის მხარდაჭერის აუცილებლობა.