15 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
არ მგონია რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლის ლოგიკის შესაბამისი, კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს - პაატა მანჯგალაძე

ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - დაარღვია თუ არა კონსტიტუცია კონსტიტუციის გარანტმა- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. თუ პლენუმის 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, მაშინ იმპიჩმენტის პროცედურა სასამართლოდან, პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოში გადმოინაცვლებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს "ქართული ოცნების" მოთხოვნას, რადგან შემდგომში ეს საკითხი პროპაგანდისთვის გამოიყენოს და სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უწოდოს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს "ქართული ოცნების" მოთხოვნას და დააკმაყოფილებს მას, რადგან შემდეგი პროპაგანდისთვის "ქართულმა ოცნებამ" უნდა გამოიყენოს და პრეზიდენტს უნდა ეძახოს - არაკონსტიტუციური, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტ. პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ, არც დარბაზში შევალთ, არც კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც დავტოვოთ "ქართული ოცნება" მარტო", - განაცხად დავით ხაჯიშვილმა.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიცია პროცედურას არ დაესწრება. მანჯგალაძის განცხადებით, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმპიჩმენტის საკითხს დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი მის ნაცვლად მთლიან ოპოზიციას მოუწევს თავის მართლება.

რაც შეეხება უშალოდ გადაწყვეტილებას, მანჯგალაძის განცხადებით ეეჭვება საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს საკითხი სრულად პოლიტიზებულია.

 " ჩვენთვის ეს არის ფარსი. არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან შეიძლება ვიღაცამ დააჭიროს ხელი და შემდეგ მის ნაცვლად მთელმა ოპოზიცია უნდა იმართლოს თავი. ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია ეს საკითხი. არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლის ლოგიკის შესაბამისი, კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები