15 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის" მომავალი კვიპროსში დაიწერა - რა გადაწყვეტილება მიიღო არაფორმალურ მმართველობაში მხილებულმა დავით კეზერაშვილმა

მილტონ ჯგუფი ისევ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში, მისტერ ოფშორად წოდებული დავით კეზერაშვილის შემდეგ, პენსიონერების ძარცვის მასშტაბურ სქემაში, გამოძიება კიდევ ერთ მთავარ მოქმედ ფიგურაზე გადის.

ეს ალბანელი ბიზნესმენი ამანთ ჯოსიფია. სახელი და გვარი, ერთი შეხედვით, ბევრს არაფერს გვეუბნება, რომ არა მისი კავშირები ქოლცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულთან. 33 წლის მულტიმილიონერი, დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით დააკავეს და ახლა მადრიდში ექსტრადიციას ელოდება. ირკვევა, რომ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა 17 ათასი მოქალაქე დააზარალა, ჯამში კი პენსიონერებისგან ორ მილიარდ-ნახევარი ევრო მოიპარა. ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის.

ქოლცენტრების ქსელის თანამშრომლებმა პენსიონერებისგან თაღლითობით მიღებული მრავალმილიონიანი მოგება პომპეზურად აღნიშნეს. ფოტო, რომელიც "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში მოხვდა, არაერთ ფაქტს ააშკარავებს და ერთმანეთთან ბევრ პიროვნებას აკავშირებს. მათ შორის, ქოლცენტრების უკრაინული ქსელის ლიდერად მოხსენიებულ დავით თოდუასა და ამავე ქსელის ალბანური ფილიალის "ბოსს" ამანთ ჯოსიფს.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ დავით თოდუას მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის უკრაინაში, დავით კეზერაშვილთან ერთად რამდენიმე კომპანიას ფლობს. ერთ-ერთი კომპანიის მეწილე კი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილია.

დავით თოდუა, დავით კეზერაშვილის მსგავსად ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეა. ყოფილი მაღალჩინოსნის მსგავსად, ამჟამად ისიც კვიპროსში ცხოვრობს. სწორედ კვიპროსში იმყოფებოდა პეტრე ცისკარიშვილი. რა კავშირი აქვს მას უკრაინაში, დავით თოდუას ბიზნესთან და რა იცის დუბაიში ალბანელი მულტიმილიონერის დაკავებაზე? -კურიერი P.S-მა ცისკარიშვილს ამ კითხვით მიმართა, თუმცა ლარნაკადან დაბრუნებულმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა არ გვიპასუხა. თავად კეზერაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და "ბიბისის" საგამოძიებო ფილმის გამო უჩივლა.

"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მისი მოადგილე, რეგიონული სამსახურის უფროსი, თბილისის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი და ახალგაზრდული ფრთის უფროსი კვიპროსში 10 ოქტომბერს გაემგზავრა.

რატომ ხვდებოდა პარტიის მენეჯმენტი დავით კეზერაშვილს, რომელსაც ამავე პარტიის ერთი ნაწილი არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებს? ირკვევა, რომ მოგზაურობაში წასულებმა ეს არათუ საზოგადოებას, არამედ თანაგუნდელებსაც კი არ უთხრეს.

ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები, პარტიაში დავით კეზერაშვილის როლს არ აღიარებენ, თუმცა არ მალავენ, რომ მისი დახმარება, თუნდაც ფინანსური, კარს მომდგარი არჩევნების წინ მნიშვნელოვანია.

კვიპროსული მოგზაურობის, დროში ნიკა მელიას სამომავლო გეგმებს დაემთხვა. "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტი, კეზერაშვილთან შესახვედრად მას შემდეგ წავიდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიიდან წასვლა და ახალი პლატფორმის შექმნა დააანონსა. შეხვედრის მონაწილეებმა მხედველობისა და ყურადღების მიღმა დატოვეს, კიდევ ერთი საკითხი- მაშინ, როცა პარტიის ბედი ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვან სახელმწიფოში წყდებოდა, თბილისის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები იხსნებოდა. არადა ამ ყველაფრისთვის მზადებაც დიდი ხნის წინ დაიწყეს, ისე მოემზადნენ, რომ ოფისის ერთ ოთახში, მსჯავრდადებული და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის პიჯაკებიც კი მოაგროვეს. ბოტასებიც.... და მაინც, მოქმედი არ მოვიდა, თუმცა მოვიდა ყოფილი. და დაბნეულობასთან ერთად დიდი აურზაურიც გამოიწვია......

ციხე შიგნიდან სწორედ მელიამ გატეხა. ის იყო პირველი, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ღიად და ხმამაღლა დაიწყო. კეზერაშვილი-მერაბიშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე ხაზგასმა დღეს აღარ სურს, რადგან ფიქრობს, რომ უკვე საკმარისი თქვა, თუმცა თბილისიდან კვიპროსში ყოფილმა მოქმედს რჩევა ისევ მისცა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის უფროსი მერაბიშვილი-კეზერაშვილი არ უნდა იყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ქართული ბედი და მომავალი კვიპროსში დაიწერა. ვოიაჟი შედგა, თუმცა შედეგი ჯერ არ დამდგარა. რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიის არაფორმალურ მმართველობაში მხილებულმა კეზერაშვილმა და გადავა თუ არა ხაბეიშვილი შემდეგ ტურში? ეს დრომ უნდა აჩვენოს.

ავტორი: იზი ბურნაძე, ლევან ლომაძე.

დღის ამბები