საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პროგნოზებს პოლიტიკოსები აკეთებენ. მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად მმართველ გუნდს ასი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, ყველასთვის ეთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
"მთელმა საქართველომ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ვინ ხარ, თუ დაარღვევ კონსტიტუციას, ამაზე იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს. ის რადიკალები, ვინც ქალბატონ სალომეს მოღალატეს, რუსეთის აგენტს, ჩანერგილს ეძახდნენ, დღეს მის დამცველად მოგვევლინა, რადგან იმ ქაოსში ეტყობა ეწერება მისი გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადებები, მათ შორის სტატუსზე. ეს ნარატივი ჯდება რადიკალების გეგმებში, რომელსაც არეულობა უნდათ, ასეთებისგან მხარდაჭერა არ ექნება ბუნებრივია, იმპიჩმენტს. ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი, ჩვენ ვთქვით, რომ ვინც დაადგინა კონსტიტუცია, ჩვენ უნდა დავადგინოთ და ოქმის სახით იქნას ეს დადებული,"- განაცხადა ზარქუამ.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რათა განმეორებით ასეთი ქმედებების ჩადენა თავში არ მოუვიდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, რა არის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა და რა - უფლებამოსილების. გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ბუნებრივია, ეს პრევენციის თვალსაზრისითაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ განმეორებით მსგავსი ქმედებების ჩადენა არ მოუვიდეს თავში აზრად", - განაცხადა გიორგი კახიანმა.