ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
აქუბარდიას შეფასებით, გადაწყვეტილება არა სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, არამედ მმართველი გუნდის დაკვეთას ემსახურება. მისი პოზიციაა, რომ დეპუტატებმა უკვე პარლამენტში გადმოსულ იმპიჩმენტის პროცესს მხარი არ დაუჭირონ და ამასთან, იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" იმპიჩმენტის პროცედურას ბოლომდე ვერ მიიყვანს.
"ჩვენ ვნახეთ გაფორმება სახელმწიფოს მიტაცების. ეროვნული ბანკი იყო ბოლო პერიოდში, რომელმაც ირაკლი კობახიძის ბრძანება შეასრულა, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლე, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს, "ქართული ოცნების" დავალებას და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და არ ემსახურება სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს.
რაც შეეხება თვითონ პროცესებს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე ვადებიდან, ეს ამ კვირას უნდა შემოვიდეს პარლამენტში, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ეცდება, რომ 100 ხმა ჰქონდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება მათ საკმარისი დეპუტატები ჰყავდეთ, რომლებიც საგარეო ვექტორის სვლას ხელს მოაწერენ. ეს არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები საქართველოს იმპიჩმენტთან მიმართებაში ურჩევდნენ, რომ ეს არ იყო დამხმარე საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის და ამ პროცესს ჩვენ ვხედავთ ახლა, ეს რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დაკვეთა და კრემლის დაკვეთა," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.