პრეზიდენტის წარმომადგენლები, თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, - ამის შესახებ მათ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე თქმით, ამ დასკვნით, საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, „მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში“.
„ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დეტალურად წაკითხვა ვერ მოხერხდა, დროის სიმცირის გამო, თუმცა, გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითადად დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში... უბრალოდ, შეავსო გარკვეული განმარტებებით.
პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს ამ მუხლის მიღმა და აქვს თუ არა საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა, გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნამდვილად მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ ის დადგებოდა იმაზე მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად“, - აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.