ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "რადიკალურ ოპოზიციას" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
"რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ამასთან დაკავშირებით, გვინდა, მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც იქნება ამ საკითხის კენჭისყრა, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში მაინც, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ თავიანთი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ რეალური, რელევანტური, სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში. კი ბატონო, არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში.
ასევე, ამ წუთამდე, უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ის აღიარებს, საერთოდ სცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის პოლიტიკური საკითხები, რაზეც მიმდინარე კვირაში პარლამენტში შედგება მსჯელობა.