კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს კენჭს ოთხშაბათს უყრიან. საკონსტიტუციო წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა პლენუმის გადაწყვეტილების ფონზე პრეზიდენტი პოსტს საკუთარი ნებით უნდა ტოვებდეს, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილი დამოუკიდებელად ვერ მოქმედებს და მას იმ ძალების თანხმობა სჭირდება, ვინც ”ქართული ოცნების” ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ თავად უბიძგებდნენ.
რა შედეგით დასრულდება იმპიჩმენტის პროცედურა მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მთავარია კონსტიტუციის დარღვევა სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩა.
"ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც სახელისუფლებო პარტიისთვის პრეზიდენტის მოკავშირეა, ამბობენ, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ლევან ხაბეიშვილის გუნდი დარბაზში შესვლაზეც უარს აცხადებს, თუმცა პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი ფრაქციის წევრებზე იღებენ და არა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებიც პარლამენტში მათი სიის მეშვეობით მოხვდნენ. საკუთარი პოზიციის ერთგულებას პრეზიდენტს ვაშაძის გუნდიც სხდომაზე არ დასწრებით უდასტურებს.
ერთადერთი ოპოზიციური ძალა, ვინც ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს უჭერს ფრიდონ ინჯიას გუნდია. სალომე ზურაბიშვილის ვადამდე გადაყენების წინააღმდეგ მისცემენ ხმას დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და დარბაზში შესვლაზეც უარს არ ამბობენ. არგუმენტად სხვადასხვა მიზეზი მოჰყავთ, მათ შორის მთავარი კოლეგებზე დაკვირვება სახელდება.
პოზიციები ჩამოყალიბებულია ახლა პროცედურული საკითხების გავლა დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება ხვალ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარულ სხდომას წარედგინება. პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს დღეს ბიუროს სხდომიდან მიმართა და სესიაზე დასწრება შესთავაზა.
იმ შემთხვევაში თუ მეათე მოწვევის პარლამენტში იმიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდება-სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, ვისაც ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.