15 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
რადგან პრეზიდენტი ასეთი თხოვნით მომმართავს, არ მაქვს პრობლემა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გაითვალისწინებს პრეზიდენტის თხოვნას, იმპიჩმენტის პროცესის დროს დარჩეს მხოლოდ "ქართული ოცნების" პირისპირ. "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნის შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ქართული ოცნება" მოუწოდებს "რადიკალურ ოპოზიციას", რომ დარბაზში შემოვიდეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტი მოუწოდებს ოპოზიციას, დარბაზიდან გავიდეს. რამდენადაც ეს არის "ქართული ოცნების" პრინციპული არჩევანის წინააღმდეგ გაკეთებული პროცესი, როდესაც ისინი სალომე ზურაბიშვილს თავისუფლებად წარმოგვიდგენდნენ და მის გარეშე ყოფნას დიქტატურად, დაე, იყვნენ მარტო და ჩახედონ ერთმანეთს თვალებში. მე არც "რადიკალური ოპოზიცია" მგონია თავი, რომ "ქართული ოცნების" მოწოდება მივიღო, ისევე, როგორც კენჭისყრის პროცესში არმონაწილეობაც არ მგონია დიდი უბედურება. რადგან ეს ორი ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდება, მე არ მაქვს პრობლემა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო, რადგან პრეზიდენტი ასეთი თხოვნით მომმართავს,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ კენჭისყრაზე არდასწრების ნაწილში პრეზიდენტის თხოვნის გათვალისწინება შესაძლებელია, თუმცა განხილვისას ოპოზიციას უნდა ჰქონდეს პოზიციის გამოხატვის საშუალება.

"მე ვფიქრობ, რომ თუ ასე მას კომფორტულად წარმოუდგენია საკუთარი თავი საქართველოს საპარლამენტო დარბაზში, რომ მარტო იყოს "ქართულ ოცნებასთან", რა თქმა უნდა, ღირს მისი პოზიციის გათვალისწინება იმ კონტექსტში, რომ ეს არის ნამდვილად ისტორიული პროცესი. პირველად, საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ და ძალიან დამაზიანებელი პროცესია ევროინტეგრაციისთვის, ამას ვისმენთ ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კენჭისყრაზე შესაძლებელი იყო მარტო ყოფილიყო, მაგრამ როგორც ახლა პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, განხილვა იქნება საკმაოდ დიდხანს, კითხვა-პასუხი იქნება. ამიტომ აქ, ალბათ, ოპოზიციას საკუთარი აზრი უნდა დაეფიქსირებინა. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, მისი ეს პოზიცია ნაწილობრივ გასათვალისწინებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცეს საშუალება მიმართოს საზოგადოებას,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, ხოლო
"ქართული ოცნების" წამოჭრილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ახლა პარლამენტში ინაცვლებს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში თავადაც დაესწრება, ოპოზიციას კი გარეთ დგომისკენ მოუწოდა.

იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად 100 ხმაა საჭირო, მმართველ გუნდს კი მხოლოდ 84 აქვს. ოპოზიციიდან საკითხს მხარს მხოლოდ "ევროპული სოციალისტები" უჭერენ, თუმცა პოლიტიკოსები პარლამენტში მიმდინარე ფარულ გარიგებებზე მუდმივად საუბრობდნენ. მაგალითად, "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" გარიგებას აბრალებდა, ხოლო "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისა" და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ვაჭრობაზე საუბრობდა.

დღის ამბები