15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მინდა ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, მადლობა თავგანწირვისთვის, რომ არა ისინი, დღეს არ ვიცი რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ გავმართავდით სხდომას - ალეკო ელისაშვილი

მინდა ამ ქვეყანაში ყველაზე დაუფასებელ ადამიანებს, ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, მადლობა მათი თავგანწირვისთვის, მათი შეუპოვრობისთვის. რომ არა ისინი, დღეს ჩვენ არ ვიცი რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ გავმართავდით სხდომას - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ვეტერანები სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანები არიან და სამწუხაროა, რომ მათი ღვაწლი სათანადოდ არ არის დაფასებული.

"დღეს არის ქართველი ვეტერანების დღე, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მილოცვამდე მინდა როგორც ერთმა მოქალაქემ, როგორც ერთმა პარლამენტის წევრმა მადლობა ვუთხრა მათ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საქართველოსთვის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ვერ აფასებს ჩვენი სახელმწიფო ვეტერანთა ღვაწლს ჯეროვნად.

22 ლარიდან 100 ლარამდე თანხის გაზრდა ვეტერანების ე.წ. დახმარების გაზრდა არც არაფერი არ არის ჩემი აზრით და უბრალოდ უხერხულია, რომ სახელმწიფო თვიდან თვემდე 100 ლარად აფასებდეს საკუთარი თავგანწირული და მეომარი კაცების და ქალების ღვაწლს.

ერთი კარგი რაც შემიძლია ვთქვა, წინა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გასულ კვირას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საჯაროდ დადო პირობა, რომ გადახედავენ ამ 100 ლარიან დახმარებას და არ გამორიცხავენ, რომ გაიზარდოს. ღმერთმა ქნას, როდესაც ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი შემოვა, იქ ღირსეული და ადეკვატური თანხა იყოს ვეტერანთათვის ჩაწერილი," - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

დღის ამბები