ნუ გახდები მკვლელი - "თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია ბინის გამქირავებლებსა და დამქირავებლებს მიმართავს.
კომპანია დამქირავებელს სთხოვს, ბინის მეპატრონისგან მოითხოვონ უსაფრთხოების შემოწმების აქტი – საბუთი, რომელიც იმის დასტურია, რომ ბინა უსაფრთხოა. კომპანია საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს.
ასევე "თბილისი ენერჯი" ბინის დამქირავებლებს და მფლობელებს მოუწოდებს შეამოწმონ შიდა ქსელი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყონ სახლში ცხოვრება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ გაზის სისტემა სრულად გამართულად მუშაობს.
"ბოლო მონაცემებით CO–თი გამოწვეული უბედური შემთხვევების 12 ფაქტიდან, 12–ვე (100%), გაქირავებულ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოხდა.
"თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის –114–ის ოფისში დღეს სპეციალური ბრიფინგი გავმართეთ. მედიასთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ გაქირავებული ბინები და კომერციული ფართები იყო.
არ გააქირაო ფართი ვიდრე არ დარწმუნდები, რომ ის უსაფრთხოა. გახსოვდეს - შენს ბინაში გაზის დანადგარებისა და შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება!
ნუ გახდები მკვლელი! მოაწესრიგე შიდა ქსელი!
ვიდრე იქირავებ ბინას ან კომერციულ ფართს მოითხოვე "თბილისი ენერჯის" უსაფრთხოების შემოწმების აქტი!
კანონით, შიდა ქსელის მოწესრიგებასა და გაზის უსაფრთხო დანადგარებზე პასუხისმგებელი ბინის მეპატრონეა!
ნუ გახდები მსხვერპლი!" - წერია კომპანიის განცხადებაში.