პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი აირჩია. აღსანიშნავია, რომ ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა, მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, "რომელიღაც პულტმა არ იმუშავა." ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.
აღნიშნულ თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქვთ ეჭვი, რომ დეპუტატ დილარ ხაბულიანის ბარათი სხვა დეპუტატმა გამოიყენა.
"როგორც კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უფრო ახლოს სხედან იმ ადგილთან, ფიქრობენ, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან. ბუნებრივია, ერთი ხმა სჭირდებოდათ, რათა 90 ხმით დაემტკიცებინათ კლანის მორიგი წევრები. ეს ყველაფერია, გარდა ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
"კურიერი" ესაუბრა დილარ ხაბულიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა და მასში მონაწილეობა არ მიუღია.
"მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ, გამოსული ვიყავი. მერე შემოიტანეს ეგ საკითხი," - აცხადებს დილარ ხაბულიანი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.