პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "საქართველოს პარლამენტმა შეასრულა ევრორეკომენდაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტა კიდევ ორი წევრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ევრორეკომენდაციების ნაწილია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭომ და მართლმსაჯულების სისტემამ შეუფერხებლად იმუშაოს."
მისივე თქმით, აქამდე ვერ ხდებოდა ხმების კონსოლიდირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის გარშემო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებდა.
"სწორედ ამ მიზნებით იხელმძღვანელა პარლამენტმა და აირჩია კიდევ ორი კანდიდატურა. აქამდე ვერ ხდებოდა ხმების კონსოლიდირება რომელიმე კანდიდატის გარშემო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებდა ამ რეკომენდაციას და იმიტომაც, რომ ჩვენ არ გვყავდა 85-ე წევრი, რომელიც ახლა შემოვიდა პარლამენტში. ჩვენს გუნდს შიდა ქართლიდან მაჟორიტარი დეპუტატი შემოემატა. შესაბამისად, დღეს გახდა ეს შესაძლებელი და როგორც შესაძლებელი გახდა, ეს რეკომენდაციაც შევასრულეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.