იმპიჩმენტზე მწვავე დებატები პარლამენტს დღესაც არ აკლდა. პოლიტიკური განცხადებები სწორედ ამ საკითხით საკონსტიტუციო წარდგინების ავტორმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე და უკვე ფორმალური პრეზიდენტი უწოდა. უპასუხა უმრავლესობის მისამართით გაკეთებულ მის განცხადებებსაც.
ოპოზიციამ პრეზიდენტის დაცვა დღევანდელ სხდომაზეც სცადა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ისინი, ვინც ხვალინდელ განხილვას, სავარაუდოდ არ დაესწრებიან. მათგან განსხვავებით, უმრავლესობა ზურაბიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე აპელირებდა. დარბაზში ისმოდა ყველასგან განსხვავებული აზრიც.
რა აზიანებს რეალურად ევროინტეგრაციას - პრეზიდენტის ნაბიჯები თუ იმპიჩმენტის პროცედურები? პოლიტიკურმა ოპონენტებმა საკუთარი პოზიციების გამყარება სხვადასხვა არგუმენტებით თუ ეპითეტებით სცადეს.
პრეზიდენტს საკუთარი თავის დაცვა, მისივე სურვილის შესაბამისად შეეძლება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეპუტატებს იმპიჩმენტის საკითხის დადგენილების პროექტი წარუდგინა და შესაბამისი პროცედურები გააცნო.
სალომე ზურაბიშვილი საკუთარი იმპიჩმენტის განხილვაზე დარბაზში ისევ ცენტრალური კარიდან შევა, ისევ ისარგებლებს პრეზიდენტის პრივილეგიით, თუმცა რა სტატუსით დატოვებს სხდომას, ეს იმაზეა დამოკიდებული, შეგროვდება თუ არა მის წინააღმდეგ 100 დეპუტატის ხმა.