15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
სიმართლე გითხრათ ჩვენ ფრაქციის ოთახში ვინახავთ ბარათებს და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, უბრალოდ მედიისთვის გახდა ეს საინტერესო - თინა ბოკუჩავა

ისტორიული სხდომა პარლამეტში 12 საათზე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი განხილვის დროს დარბაზში არ შევიდა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებდნენ თვალს. მათ თან ჰქონდათ დეპუტატების კუთვნილი ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბარათები ფრაქციის ოთახში ინახება. 

"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ფრაქციის ოთახში ვინახავთ ბარათებს და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, უბრალოდ მედიისთვის გახდა ეს საინტერესო და ბუნებრივია ჩვენ შეგვეძლო ამის გასაჯაროება. ყველა აქ არის და ყველას ბარათი აქ არის. ჩვენ არც რეგისტრაციაში არ მიგვიღია მონაწილეობა და არც ე.წ. დებატში," - აღნიშნა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასარგებლოდ "ლელოს" ხმები არ ექნება.

"დღეს მნიშვნელოვანი ის კი არ არის, პროცედურულად აქ რა როგორ მოხდება, ეს არის პოლიტიკური საკითხი. "ლელოს" პოზიცია პირველივე დღიდან არის ცნობილი, ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის მთავარი გარანტი არის ვიყოთ ევროკავშირის სანდო პარტნიორების გარემოცვაში და შესაბამისად,  ანტისახელმწიფოებრივი იმპიჩმენტს ლელოს ხმები არ ექნება,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"იმპიჩმენტს არ ვემხრობი. ქალბატონმა [პრეზიდენტმა] მოგვმართა გუშინწინ, რომ დამტიეთო, დავტიოთ კობახიძესთან ერთად," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება. პროცესზე დარბაზში ბოლომდე დარჩენას "გირჩის" წარმომადგენლები აპირებენ.

სხდომას საკუთარი სამუშაო ოთახებიდან ადევნებენ თვალს "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

დღის ამბები