18 ოქტომბერი 2024,   09:25
ვრცლად
"აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო...მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, იმ დღეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში" - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

მცირე გადახვევის სახით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილთან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიხსენა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა "ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო?".

"მცირე გადახვევის სახით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო. ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული. შეხვედრა ასე დაიწყო, რა გინდათო, ზრდილობა მაინც და მაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობთ ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდათთქო, თქვენ ითხოვენ შეხვედრათქო. შემდეგი მისი წინადადება იყო გამაოგნებელი: "აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო?". აი რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება და როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", პირდაპირი მოწოდება საითკენ – ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი ახლა დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით თუ საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი.

თქვენ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ის ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, იმ დღეს ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის რა თქმა უნდა, ძალიან საშიში ასეთი ადამიანის პრეზიდენტობა მაშინაც კი, როდესაც მას მხოლოდ სიმბოლური სტატუსი აქვს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები