18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკების ნაცვლად, წუხელ ჯოჯოხეთური ღამე იყო ღაზის სექტორში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის მოსახლეობის ტრაგედიას დასასრული არ უჩანს. ერთი გასროლით უმძიმესი ვითარება, კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, როდესაც გვიან ღამით ალ-აჰლის საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა. 500-მდე გარდაცვლილი და ასობოთ დაჭრილი იქ, სადაც ომის ფონზე პაციენტებისთვის ადგილი ისედაც არ ყოფნიდათ. სასოწარკვეთილი ადამიანები ღაზაში უიმედობის ზღვარზე დგანან.

ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ ვინ ისროლა რაკეტა ? ისრაელმა, “ჰამასმა” თუ ვინმე სხვამ. ამის დადგენაც რთულია და დადგენილში სხვების დარწმუნებაც, რადგან მომხდარს ორი ერთმანეთთად დაპირისპირებული მხარე ყვება, დამოუკიდებელი გამოძიება კი ცხელ წერტილში წარმოუდგენლად გამოიყურება. გასაკვირი არაა, რომ “ჰამასი” რაკეტის პულტთან ისრაელს ხედავს, ისრაელი კი “ისლამურ ჯიჰადს”. ცაჰალმა დღეს აუდიო, ვიზუალური და გრაფიკული მტკიცებულებები წარმოადგინა, რაკეტის ტრაექტორიისა თუ ტერორისტული დაჯგუფების სატელეფონო საუბრების თანხლებით, რომელიც იმას უნდა ამტკიცებდეს, რომ საქმე მწყობრიდან გამოსულ რაკეტას ეხება.

ისრაელის ინფორმაციით, ის “ისლამურმა ჯიჰადმა” ადგილობრივი სასაფლაოს ტერიტორიიდან გაისროლა, რაკეტამ კურსი დაკარგა და საბოლოოდ საავადმყოფოს მოხვდა - ადგილზე კრატერის არარსებობა ისრაელის მტკიცებულებებს ამყარებს. დეზორიენტირებული რაკეტის ვერსიას ადასტურებს მედიაში გავრცელებული, ჯერ გადაუმოწმებელი კადრებიც. თუმცა “ჰამასისთის” ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

ვიდრე მხარეებს ისრები ერთმანეთისკენ გადააქვთ, არაბული სამყარო საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე გვიან ღამიდან მოყოლებული ამ დრომდე პალესტინელები არიან შეკრებილები, რომლებიც მომხდარში ისრაელის კვალს ხედავენ. ვითარება დაიძაბა რამდენიმე წერტილში, ლიბანში აშშ-ის საელჩოსთან, თეირანში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპ-წარმომადგენლობასთან, ტუნისშიც, სადაც პროტესტის მონაწილეებმა ვაშინგტონისა და პარიზის დიპლომატიური წარმომადგენლების ქვეყნიდან გაძევება მოითხვეს. იორდანიაში კი ისრაელის საკონსულოზე შტურმის მცდელობა იყო. თურქეთში გამართულ აქციებზე კი ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც კი გახდა საჭირო. ამ ყველაფერმა კი აჩვენა, რომ ომმა რეგიონული მაშტაბი 1 წამში შეიძლება მიიღოს.

მიმდინარე მოვლენებმა ურთულესი გახადა აშშ-ის პრეზიდენტის მისია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაალაგოს. ჯო ბაიდენმა ისრაელისკენ მიმავალ გზაზე შეიტყო, რომ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა აბასიმ, ნაწილობრივ საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ, ის სამიტი გააუქმა, სადაც მათთან ერთად ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებს უნდა ემსჯელათ. თუმცა თელავივში ბაიდენს თბილად დახვდნენ. იქ პრეზიდენტი მეგობრის სტატუსით ჩავიდა, მეგობრის,რომელიც პარტნიორთან ხისტ კიტხვებსაც არ მოერიდება.

უფროსების ომს მსხვერპლი ჰყავს პატარებში, რომლებსაც ბავშვობა წაართვეს, ბავშვობასთან ერთად კი დები,ძმები და ოჯახის წევრები. ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი” არ ერიდება საკუთარი ხალხის ცოცხალ ფარად გამოყენებას, ისრაელზე განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი ნეთანიაჰუ უკან დახევას არ აპირებს და ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო კიდევ უფრო მასშტაბური კატასტროფის წინაშე დგება.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი 12 დღის წინ განახლდა,როდესაც ტერორისტები ისრაელში შეიჭრდნენ და 1400 ადამიანი სასტიკად ამოხოცეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. ისრაელის საპასუხო რეაქციას 3000 ადამიანი ემსხვერპლა უკვე ღაზაში. კვლავ ღიად რჩება საკითხი ღაზის სექტორის მშიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის თაობაზე.მათი ერთადერთი გასასვლელი ეგვიპტეა, რომელიც მზად არაა დიდი რაოდენობით ლტოლვილების მისაღბად. პარალელურად სულ უფრო მეტად იზრდება კონფლიქტშიი რეგიონული მოთამაშეების ჩართვის პერსპექტივა.ახლო აღმოსავლეთი მორიგი ტრაგედიის წინაშე დგას.

დღის ამბები