18 ოქტომბერი 2024,   09:18
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პოსტზე რჩება - როგორ წარიმართა საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა

დღის 12 საათი და 15 წუთი - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩვეული წესით მთავარი კარიდან, თუმცა უჩვეულო მიზეზით შევიდა. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, მეათე მოწვევის დეპუტატებმა მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე იმსჯელეს. სხდომათა დარბაზში შესულ პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობა ფეხზე ადგომით არ მიესალმა -ამ ფორმით სალომე ზურაბიშვილს, მხოლოდ დარბაზის მარცხენა ფლანგიდან -ოპოზიციის წევრები დახვდნენ, თუმცა დარბაზი მალევე დატოვეს, "ლელოს" წევრებმა, ხატია დეკანოიძემ, ნატო ჩხეიძემ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

პრეზიდენტმა სულ 16 წუთი გამოიყენა და მთელი ამ დროის განმავლობაში, აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ კონსტიტუციის დამრღვევი არ არის. 16 ოქტომბერს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, მისი შეფასებით, კანონის უზენაესობის გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას სალომე ზურაბიშვილმა ანტიევროპული უწოდა. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა დასავლელ პარტნიორებს და მოუწოდა, რომ საქართველოს ახლა მათი მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ მხოლოდ ერთი გეგმა აქვს და ეს გეგმა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვეს. წარსულში გაკეთებული განცხადებები, სამომავლო გეგმები და კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერებმა და დარბაზში მყოფმა ოპოზიციის წევრებმა ზურაბიშვილისგან პასუხები მოითხოვეს.

ადრესატმა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა. პრეზიდენტის დამოკიდებულების ახნა კითხვის ავტორებმა დარბაზს მიღმა სცადეს.

მიმდინარე ისტორიულ პროცესს დარბაზს მიღმა ადევნებდა თვალს ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებმაც პრეზიდენტის მოწოდება გაითვალისწინეს და დარბაზში ყოფნაზე უარის თქვეს. დემონსტრაციულად მაგიდაზე ეწყო სადეპუტატო ბარათები

პოლიტიკური შოუ - ასე შეაფასეს მმართველ პარტიაში ოპონენტების გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კანონმდებლები დღეს, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

 

დღის ამბები