18 ოქტომბერი 2024,   09:19
ვრცლად
თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებდით...პრეზიდენტის პოზიციაც ძალიან სწორი იყო, რომ კითხვების ნაწილში საერთოდ არ შევიდა - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა 2-მოქმედებიანი ცირკი იყო და ამ პროცესში, მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისივე თქმით, პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როცა საპარლამენტო უმრავლესობის კითხვებს არ უპასუხა.

"სათქმელი არც არაფერი იყო და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ 2-მოქმედებიან ცირკში მონაწილეობას არ მივიღებდით. განსახილველიც რეალურად არც არაფერი იყო. პრეზიდენტის პოზიციაც ძალიან სწორი იყო, რომ კითხვების ნაწილში საერთოდ არ შევიდა და კითხვებს არ უპასუხა. იმპიჩმენტის დაანონსების პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ეს ყველაფერი იყო ცირკი, რომელსაც ჰქონდა მთავარი მიზანი - კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, თორემ იმპიჩმენტი რომ ვერ შედგებოდა და დამატებით 10 ხმა ვერ ექნებოდა "ქართულ ოცნებას", ეს გასაგები იყო და ვამბობდით და თვითონაც ამბობდნენ.

"ქართულ ოცნებას" ახასიათებს შეთქმულების თეორიები და ამ შეთქმულების თეორიებით შემდეგ კვებოს საქართველოს მოქალაქეები და ეს აქციოს შემდეგ მთავარ ნიუსად - ეს მოახერხა ამ იმპიჩმენტის დროსაც. მთელი საინფორმაციო სივრცე დაკავებული იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტით და მეასე ხარისხოვანი თემა იყო და არავის არ გახსენებია მაგალითად, ფარცხალაძე," - აღნიშნა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ახასიათებს, ყველა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობად" მონათლოს."

"ქართულ ოცნებას" ახასიათებს, რომ ყველა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობად" მონათლოს - ყველა ის ადამიანი, ვინც მის პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს და ხელს არ უწყობს რუსული გეგმის განხორციელებაში. ნახეთ, როგორ იბლანდებიან და როგორი უთავმოყვარეო ჩნდებიან ამ ყველაფერში: თუ იმას იძახიან, რომ მათი მხარდაჭერილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც თვითონ მოიყვანეს, "ნაცი" გახდა და გადმოვიბირეთ, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მართლა თვითონ შეიყვანეს და დადეს, 2018 წელს როგორ ჩაატარეს არჩევნები გვახსოვს და თვითონაც აღიარეს დღეს, თუ ამ პრეზიდენტის გადაბირებას მოვახერხეთ, თუ მათი ყოფილი პრემიერის, გახარიას გადაბირება მოვახერხეთ, თუ მანამდე არსებული პრემიერიც, კვირიკაშვილიც "გავანაცეთ", თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ევროპარლამენტარები "ნაცი" გავხადეთ, მაშინ კობახიძემ უნდა გვაღიაროს, რომ ძალიან მაგარი ტიპები ვყოფილვართ ეს "ნაცები", რომ ასე შეგვიძლია "ქართულ ოცნებას" ყველა მისი კანდიდატი საბოლოოდ ჩამოვაშოროთ, ეს ხომ სრული სიგიჟეა და კობახიძემაც იცის, " - განაცხადა წითლიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები