15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება. ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.

"ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების საფარქვეშ, თქვენ ცდილობთ, რომ დაჩქარებული წესით მიიღოთ რეალურად, ცენზურის კანონი ჩვენს ქვეყანაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის არც ერთ მოთხოვნას, პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მოთხოვნას," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება.

"ის ცვლილება, რაც ახლა შემოთავაზებულია, ის არ არის ცვლილება, რომელსაც შემოაქვს ახლა სიძულვილის ენის და ტერორიზმის მოწოდების აკრძალვა. ეს ახლაც აკრძალულია მოქმედი კანონით და ეს არის ნორმალური. ცვლილება შეეხება მხოლოდ ამ რეაგირების მექანიზმს, რა მექანიზმიც არის განსაზღვრული," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

 

 

 

 

დღის ამბები