"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი და რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, ოპოზიცია აპროტესტებს. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, ეს კანონი ცენზურის ინსტრუმენტად გარდაიქმნას.
"ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში იქნებოდა, რომ გადადებულიყო ამ კანონპროექტზე მსჯელობა, რადგან განსაკუთრებით მაშინ, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რეალურად, არის თუ არა ეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. ჩვენს რეალობაში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მარეგულირებელი არის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ გადაიქცევა ცენზურის ინსტრუმენტად, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და, შესაბამისად, ამ კანონის მიღება წარმოდგენილი სახით შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.
"პირველი იქნება ჩემი მოწოდება, რომ შეჩერდეს ამ კანონის განხილვა, რომ არ იყოს ეს ასეთ ცაიტნოტში და თითოეული ტერმინი, თითოეული სიტყვა უნდა იყოს აწონ-დაწონილი, ვინაიდან ამის უკან იმალება შესაძლებლობები განხორციელდეს სერიოზული რეპრესიები თავისუფალ მედიაზე,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი კანონს დაჩქარებული წესით იმიტომ განიხილავს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიყენონ ის, როგორც ცენზურის ბერკეტი.
"მათი ამოცანაა, რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს კომიტეტზე მესამე მოსმენით ამის განხილვა, დღესვე დაასრულონ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა, პრეზიდენტი, ალბათ, ვეტოს დაადებს, მაგრამ რაც შეიძლება მალე გადალახავენ იმ ვეტოსაც, რომ რაც შეიძლება მალე ჰქონდეს ბექაურს ბერკეტი იმისა, რომ როცა არ მოეწონებათ მედიასაშუალებებში, ის ან ჩათვალონ სიძულვილის ენად ან რაიმე სხვად. პირველ ეტაპზე, დააჯარიმონ ეს მაუწყებლები და შემდეგ მიიღონ შემდეგი რეპრესიული ზომები,"- აცხადებს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები 84 ხმით მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენაც დღეს დაიგეგმა - ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მთავარი სიახლე არის ის, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.