15 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი - ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები.

"დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.

ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს.

"აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმები გარკვეულ "ზომებსაც" მიმართავდნენ: ვრცელდებოდა ცნობები საოკუპაციო ხაზის "გამაგრების", ე.წ. ბომბსაფრების რეაბილიტაციის, "რეზერვისტთა მობილიზაციისა" და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ.

აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა,"-განაცხადა ლილუაშვილმა.

დღის ამბები