საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი "ამნისტიის შესახებ" პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. მისი ძირითადი პრინციპები კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ამნისტიის შეთავაზებას კონკრეტული პირებისთვის, რომლებსაც დანაშაულებრივი გზით აქვთ საკუთრების უფლება მოპოვებული სახელმწიფოს საკუთრების უფლების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მთავარია, რომ აღნიშნულმა კერძო პირებმა ამნისტიის კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობები შეასრულონ.
მომხსენებლის განმარტებით, სახელმწიფო ასეთ პირებს სთავაზობს და აცხადებს ამნისტიას სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლთან დაკავშირებით: ეს არის 180-ე მუხლი (თაღლითობა) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ცვლილების მიხედვით, თუ აღნიშნული ორი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება და ეს დანაშაულებრივი ფაქტი განხორციელდა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, სახელმწიფო სთავაზობს პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისგან გათავისუფლებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ისინი 2024 წლის სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.
პროექტის თანახმად, ზიანი ანაზღაურებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთი, რომლის უკან დაბრუნება შესაძლებელია, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაითმობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ უნდა მოხდეს ამ მიწის საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხვა. თუ პირი დაეთანხმება ამ პირობებს - მიატოვებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას ან გადაიხდის თანხას, მის მიმართ ამნისტიის აქტი განხორციელდება. აღნიშნული არ გავრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმებზე, ან პირებზე, რომლებიც უკვე 2023 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ გაასხვისებენ აღნიშნული გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთს.