15 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ვეტო "შეკრებებისა და მანიფესტაციების" კანონს - მმართველ პარტიას დესტაბილიზაციის პრევენციის ერთ-ერთ გზად კანონში ცვლილებები ესახება

სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე, მმართველ პარტიას დესტაბილიზაციის პრევენციის ერთ-ერთ გზად, "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები ესახება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები რეალური საფრთხის გათვალისწინებით მომზადდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც საქართველოში ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლასა და პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოს ოპოზიციის გეგმის ნაწილად და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის მცდელობად აფასებს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო მისაღებია ოპოზიციისთვის. პარტიებში მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ საფრთხეებს არარეალურს უწოდებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რევოლუციის სურვილს კანონი ვერ შეზღუდავს.

სახელისუფლებო პარტიაში პირდაპირ ამბობენ, რომ მას, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, არეულობა და ქაოსი სურს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის ვეტოსა და ოპოზიციის გეგმებს ერთმანეთს უკავშირებენ.

საქართველოში დესტაბილიზაციის, სამოქალაქო არეულობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასალები რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია "კანვასის" ლიდერებიც გამოჰკითხა. სუს-მა ფარული ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ სერბი ტრენერები აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მეთოდებს ასწავლიდნენ.

 

 

დღის ამბები