პარლამენტში იმპიჩმენტი არ შედგა, თუმცა სახელისუფლებო გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია უკვე არა ამომრჩევლისგან, არამედ "ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს. მმართველი პარტიისთვის იმპიჩმენტის პროცესმა დასახულ მიზანს მიაღწია.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრამ ქვეყანას მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენა. როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის - ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტებში ისევ წავა, მმართველ პარტიასთან მისი კონფლიქტი კი უფრო გამწვავდება.
პრეზიდენტის მორიგი უნებართვო ვიზიტების შემთხვევაში იქნება თუ არა სამართლებრივი რეაგირება? - ოპოზიციის ნაწილს ეს არარეალისტურად მიაჩნია, ნაწილი კი არ გამორიცხავს.
საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის 51-ე მუხლით იმუნიტეტი მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იცავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა ვალდებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. მმართველ პარტიაში ისიც განმარტეს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაინტერესდეს პროკურატურა პრეზიდენტის ქმედებებით.
დანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩეხეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც სალომე ზურაბიშვილს მომავალში ვიზიტები უკვე დაგეგმილი აქვს, მაგრამ არ აქვს თანხმობა მთავრობისგან.